მელქისედეკ  III ფხაკაძე

ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი მელქისედეკ III, ერისკაცობაში მიხეილ გიორგის ძე ფხალაძე, 1872 წლის 2 ნოემბერს, სიღნაღის მაზრის სოფელ ზემო ყანდაურაში, მედავითნის ოჯახში დაიბადა. მელქისედეკ ფხალაძესწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში. ამ დროს მას დაეღუპა მშობლები, გაუჭირდა როგორც მატერიალურად, ასევე სულიერად, მაგრამ ფარ-ხმალი არ დაუყრია, წარჩინებით დაამთავრა სასწავლებელი და 1890 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩაირიცხა, სადაც იმ დროისათვის მომავალი რევოლუციონერები სწავლობდნენ. სემინარიის დამთავრების შემდეგ მიხეილმა სწავლა ყაზანის სასულიერო აკადემიაში განაგრძო, რომლის დასრულებისთანავე ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში რუსული ენის მასწავლებლად დაინიშნა. მოგვიანებით კი ქუთაისის სასულიერო სემინარიაში ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებლად გადაიყვანეს. 1904 წლის 8 აპრილიდან სმოლენსკის გუბერნიის ქ. ბელის სასულიერო სასწავლებელში გეოგრაფიის მასწავლებელია, 1915 წლის 15 მაისს – ქ. ტივროვოს სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველი.მელქისედეკ ფხალაძე 1915 წლის 31 მაისს მღვდლად აკურთხეს. 1917 წელს ივნისში იგი დაბრუნდა საქართველოში და გორის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად დაინიშნა. 1918 წლის 21 ნოემბერს დეკანოზის ხარისხში აიყვანეს. 1920-1922 წლებში იყო უმუშევარი და განმოსილი. 1922 წლის 5 აპრილს დაბრუნდა ეკლესიაში და დაინიშნა სიონის საპატრიარქო ტაძრის კანდელაკად. 1925 წლის თებერვალში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითი მმართველის მიტროპოლიტ ქრისტეფორეს ლოცვა-კურთხევით ანჩისხატის ეკლესიის წინამძღვრი გახდა. ოქტომბერში კი უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსის ლოცვა-კურთხევით აღიკვეცა ბერად და სახელად მელქისედეკი ეწოდა. 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობას ეპისკოპოსად აკურთხეს და ალავერდის ეპარქია ჩააბარეს.

იხილეთ ვრცლად:მელქისედეკ III ფხაკაძე

ქრისტეფორე ციცქიშვილი(1927–1932წწ.)

ქრისტეფორე ციცქიშვილი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ქრისტეფორე III, ერისკაცობაში ქრისტეფორე მურმანის ძე ციცქიშვილი დაიბადა 1873 წლის 15 მარტს შორაპნის მაზრის სოფელ ვერტყვიჭალაში, მის მიერ შედგენილ ავტობიოგრაფიაში ვკითხულობთ: "ჩემი გენიალოგია პაპა ჩემის მამის, მოსე მღვდლის იქით ჩემთვის უცნობია. მოსე მღვდელი იყო ნიქოზელის ნაკურთხი (რადგან ჩვენი სოფელი რუსეთთან შეერთებამდე ეკუთვნოდა ქართლის, ხოლო ეკლესიურად XIX საუკუნის 60-იან წლებამდე ქართლს ეპარქიას) დადიოდა ჩოხა-ახალოხით და, თუ ვინმე მისცემდა წესების ასრულებაში სიმინდს, პურს ან ღვინოს, მოიდებდა ზურგზე და გაუყენებდა სახლისაკენ. ჰყავდა ოთხი ვაჟი, რომელთაგანაც მესამე, ხოსია (ქაიხოსრო) იყო პაპაჩემი ერისკაცი, და მეოთხე - დავით მღვდელი, საქართველოს ეგზარქოს ისიდორესაგან ნაკურთხი.

მამაჩემი მურმანი იყო წიგნისმკითხველად ხეფინისხევის სოფელ ლირში, საეკლესიო წიგნების კარგი მცოდნე, ექვსი წლის ვიქნებოდი, მამამ რომ ლოცვები დამაწყებინა ზეპირად, მოასწრო ესწავლებინა ჩემთვის ლოცვანი და "მრწამსის" დასაწყისი. შვიდი წლისას გარდამეცვალა მამა, დავრჩით ოთხი ძმა და ორი და პაპის ამარა სიღარიბეში. მამის გასვენებას დაესწრო ჩემი ბიძა, საყვარელა გაჩეჩილაძე, დედის ძმა, რომელმაც შემისვა ცხენზე წამიყვანა სოფელ წევაში და მიმაბარა იქაურს სამრევლო სკოლაში, რომელიც იყო გახსნილი რომანოზ გორგაძისაგან, იმასთან დავიწყე ანბანი, მაგრამ მალე გადაიყვანეს მღვდლად სხვაგან. მისი ადგილი, წევის სამრევლო სკოლის მასწავლებლად დაიჭირა მაკარ გაჩეჩილაძემ. ეს სამრევლო სკოლა და მისნი მსგავსნი დასავლეთ საქართველოში გახსნილნი იყვნენ ნეტარხსენებული გაბრიელ ეპისკოპოსის ინიციატივით. მან შემოიღო წესად ვინც ათ წელიწადს იმასწავლებლებდა იმათ აკურთხებდა მღვდლად. მან დიდი ამაგი დასდო ქართული წერა-კითხვის გავრცელების საქმეს იმერეთში, რითაც დაიმსახურა გულისწყრომა იანოვსკის და მადლობა შეგნებული ქართველობისა. 1882 წელს ჩამიყვანა პაპაჩემმა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, მიმიღეს მესამე განყოფილებაში. ერთ წელიწადს ძლივს შემინახა პაპაჩემმა თავისი ხარჯით მგონია მაშინ ისესხა რვა თუმანი სურამელ სომხისაგან, რაშიაც თორმეტი წლის განმავლობაში ვაძლევდით სარგებელს, ოცდაოთხ ჩაფ ღვინოს ტკბილობაზე. ითხოვა ჩემი სახელმწიფო ხარჯზე მიღება, მოსთხოვეს ობლობისა და სიღარიბის მოწმობა. პაპაჩემმა მიართვა კეთილმოწესეს მიერ გაცემული მოწმობა და მიმიღეს სახელმწიფო ხარჯზე. ასე რომ არ მომხდარიყო, უნდა ამეკრიფა ქუთაისიდან გუდა-ნაბადი და ამეღო ხელი სწავლაზე. ყველა კლასებში პირველ მოწაფედ მივდიოდი და წყალობა შევინარჩუნე.

იხილეთ ვრცლად:ქრისტეფორე ციცქიშვილი(1927–1932წწ.)

წმინდა მღვდელმთავარი ამბროსი აღმსარებელი (ხელაია)

16(29) მარტი


უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი (ერისკაცობაში ბესარიონ ხელაია) დაიბადა 1861 წელს ზუგდიდის მაზრის სოფელ მარტვილში. დაწყებითი განათლება სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში მიიღო, შემდეგ სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. ამ პერიოდში დაოჯახდა, 1887 წელს სოხუმის ეპისკოპოსისგან მღვდლად იკურთხა. მსახურობდა სოხუმში, ახალ ათონსა და ლიხნში. ებრძოდა რუსიფიკატორულ პოლიტიკას აფხაზეთში, პრესაში ილაშქრებდა იმ პირთა წინააღმდეგ, ვინც აფხაზებს ქართველთა სიძულვილს უნერგავდნენ. 1896 წელს დაქვრივდა.

მისი მეუღლე კესარია მერჩულე, მშობიარობას გადაყვა, მამა ამბროსის დარჩა სამი შვილი, რომლებიც გვერდიდან არ მოუშორებია; თან ჰყავდა ყაზანში სწავლისას და გადასახლების დროსაც კი. ასეთი მზრუნველი მამა იყო და შემდგომ... ასეთივე პატრიარქი.

1897 წელს, 36 წლის ასაკში, მამა ამბროსი ყაზანის სასულიერო აკადემიაში ჩაირიცხა. სწავლის დროს ბერად აღიკვეცა. დაწერა დისერტაცია თემაზე: „ქრისტიანობის ბრძოლა ისლამთან საქართველოში“. 1902 წელს არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანეს და ჭელიშის მონასტრის წინამღვრად დაინიშნა.

არქიმანდრიტმა ამბროსიმ დიდად იღვაწა ჭელიშის მონასტრის აღორძინებისთვის. აქ აღმოაჩინა „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ე.წ. ჭელიშური ხელნაწერი, აგრეთვე წმიდა სახარება, შემდგომში „ჭელიშის ოთხთავის“ სახელით ცნობილი. აი, ერთი იმდროინდელი ჩანაწერი: „მამა ამბროსი - სულ წელიწადი არ არის, რაც აქ წინამძღვრად გამოამწესეს, მაგრამ ღვთისა და კაცის მოყვარე ადამიანისთვის ეს დროც საკმაო ყოფილა, რომ წრფელი გულით შეეყვარებინა ხალხს. „ღვთის ენა-პირი ასხიაო“, - ამბობდნენ იქაურები. „ჯერ მაგისთანა არავინ მოსულა და არც მაგ დალოცვილისთანა ქადაგება გაგვიგონიაო“.

იხილეთ ვრცლად:წმინდა მღვდელმთავარი ამბროსი აღმსარებელი (ხელაია)

ილია II

1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი სიმონის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია იოსების ასულ კობაიძის კეთილმორწმუნე ოჯახში დაიბადა ილია (ერისკაცობაში ირაკლი) ღუდუშაურ-შიოლაშვილი. ღუდუშაურთა გვარი ძველი დროიდან მოდის. ვახტანგ გორგასლის დროს ბრძოლაში თავი გამოუჩენია ვინმე სნოს. მეფეს მისი ვაჟი მოუნათლავს და ღუდუშაური დაურქმევია, ბავშვის სახელზე კი ციხე აუშენებია.

ღუდუშაურები ხევში ცხოვრობდნენ და სახელოვანი ვაჟკაცნი იყვნენ. სიმამაცით გამორჩეული ყოფილა შიოლა ღუდუშაური. სწორედ მისი შთამომავალია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II.შიოლა ღუდუშაური VII საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა. იგი ყოფილა მფლობელი ღუდუშაურთა ხეობისა, რომელშიც შედიოდა აჩხოტი და რამდენიმე სოფელი: სნო, ახალციხე, კარკუჩა და მთელი ხეობა.

შიოლა ღუდუშაურის სახელი რომ დარჩენილიყო, მისი პირდაპირი შთამომავლობიდან ზოგიერთმა შიოლაშვილების გვარი მიიღო.არსებობს გადმოცემა, რომ შიოლა ღუდუშაურის დედა ბაგრატიონი იყო - სამეფო სახლიდან და მას „მეფიანთ ქალს“ ეძახდნენ.

არსებობს აგრეთვე  ცნობები ღუდუშაურებისა და ვაჟა-ფშაველას ნათესაობის შესახებ.

უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის მამა, გიორგი ღუდუშაური, დაიბადა და ცხოვრობდა სნოში. დედა - ნატალია კობაიძე კი სოფელ სიონიდან იყო. მათ 1927 წელს ქალაქ ვლადიკავკაზში შეიძინეს სახლი დროებით საცხოვრებლად იქ გადავიდნენ. გიორგი ღუდუშაურის ოჯახთან ბევრ სასულიერო პირს ჰქონდა ურთიერთობა, მათ შორის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატე ცინცაძეს. პატრიარქი სწორედ მათი ოჯახის საშუალებით ამყარებდა ურთიერთობას ვლადიკავკაზში მცხოვრებ ქართველებთან.

იხილეთ ვრცლად:ჰ ილია II