"არცოდნა-არცოდვაა"

უცოდინრობით ჩადენილი ცოდვები ცოდვებად ითვლება, რადგან ადამიანი ვალდებულია იცოდეს. მას აქვს სათანადო ცოდნის მიღების საშუალება, მაგრამ არ ცდილობს დაეუფლოს მას, რითაც ორმაგ ცოდვაში იგდებს თავს. მავანთ ყოველივე იციან და ყოველივეთი ინტერესდებიან, რაც მათ არ ეხებათ, ხოლო იმის შესახებ, თუ რა არის მათი სიცოცხლის არსი და მიზანი, მარადიულობის, ღმერთის, რწმენის შესახებ ცნობები მათ არ აღელვებთ. ამადაც ვკითხულობთ სახარებაში, რომ დაისჯება ის მონაც, რომელმაც არ იცოდა, თუმცაღა მასზე ნაკლებად, ვინც იცოდა. და, რაღა თქმა უნდა, ცოდვები, რომლებიც ჩადენილია უცოდინრობის გამო, უნდა მოვინანიოთ.

"ურწმუნო თომა"

ამ გამოთქმის საფუძვლად თითქოსდა ის იქცა, რომ თომამ მანამ არ ირწმუნა ქრისტეს აღდგომა, სანამ თვით არ იხილა და ხელი არ ჩაჰყო მის ჭრილობებში, თუმცა ეს არ გვაძლევს იმის საფუძლვეს, რომ თომას ურწმუნო ვუწოდოთ. უფლის აღდგომა ერთბაშად სხვებმაც ვერ დაიჯერეს, სანამ თავად უფალი არ გამოეცხადა მათ. ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის საიდუმლო იმდენად დიდია, რომ თომას ეს „ურწმუნოებაც“ საღმრთო გაგნებულებით იყო დაშვებული, რათა ჩვენ ყველას ღრმად და შეუეჭვებლად გვერწმუნა უფლის ადამიანური ბუნების მკვდრეთით აღდგომა და ზეცად ამაღლება. თომა იყო უაღრესად მორწმუნე და დაუღალავი მქადაგებელი ქრისტესი, ამიტომ მკრეხელობაა, როცა ურწმუნო, ათეისტ ადამიანს წმიდა თომა მოციქულს ადარებენ.

"რაც გიწერია არ აგცდება"

სწავლებას ბედისწერის შესახებ არ იწყნარებს ეკლესია. როგორც წმ. იოანე ოქროპირი ამბობს: „არ არსებობს სხვა იმდენად ზადიანი და უკურნებელი სწავლება, როგორც სწავლება განგებისა და ბედისწერის შესახებ. თუკი აუცილებელია მოხდეს ბედისაგან განსაზღვრული მაშინაც, როდესაც ბეჯითად ვმუშაობთ და მაშინაც, როდესაც გვძინავს, ნუ შეაბამს უღელში ხარებს მიწათმოქმედი, ნუ გამოიტანს სახნისს, ნუ გაჭრის კვალს, ნუ დასთესს, ნუ ელის წლის ხელსაყრელ დროს, ნუ იტანს სიცივეს, ხანგრძლივ წვიმას, უბედურებებს და შრომას მთელი წლის მანძილზე, ნუ ლესავს ნამგალს და ნუ მკის დათესილ პურს, ნუ ლეწს თავთავს, ნუ რგავს და ნუ ელის მცენარეებს, - მოიცილოს მიწათმოქმედის ყველა ზრუნვა, დაჯდეს სახლში და იძინოს: თუკი ყველაფერი ბედისგან უეჭველად აქვს დანიშნული, სიკეთე თავისით მიუვა სახლში... რატომ არ გადაწყვეტთ ასე მოქცევას, თუკი მართლაც გჯერათ ბედისა?..

როდემდე ვიქნებით გონებით ბავშვები? როდემდე არ შევწყვეტთ უქმ ლაპარაკს? თუკი ცუდს და კარგს ბედი აყალიბებს, რატომ არიგებ და აძლევ რჩევებს ბავშვს? თუკი ბედი აქცევს კაცს ღარიბად და მდიდრად, ნუ გზავნი შვილს სასწავლებლად, ნუ აძლევ ფულს, ნუ ცდილობ გამდიდრდე და საქმე ბედს მიანდე. მაგრამ ამას ვერ ბედავ. ხედავ, არ უჯერებ მას პატარა საქმეში, დიდში კი ეყრდნობი...

[ბედი რომ არსებობდეს] არავინ იქნება კარგი და ცუდი. აბა, რისთვის ვაქებთ ვინმეს სიკარგისათვის? რისთვის ვაამებთ?ეს ხომ მისი სათნოება არაა, არამედ ბედისწერის. რისთვის ვკიცხავთ? რისთვის ვწყევლით? ცოდვა ხომ მისგან არ მოდის, არამედ ბედისაგან, რომელმაც უბიძა მას. ადამიანი, რომელიც საკუთარი სურვილით არ აკეთებს რამეს, არამედ ბედიგანაა იძულებული, არც კარგია და არც ცუდი. ხედავ, რა უაზრობამდე მიგვიყვანა ბედზე ლაპარაკმა? არავინაა ღვთისმოსავი, არავინ - გარყვნილი, არავინ - ანგარებისმოყვარე, არავინ - სამართლიანი. სათნოებაც და ნაკლიც გაუქმებულია, ტყუილად ვართ მოსულები აწინდელ ცხოვრებაში, უკეთ რომ ვთქვათ: არა ტყუილად, არამედ საუბედუროდ“.

 "თარსი" რიცხვი 13

რიცხვი „13“ აბსოლუტურად ჩვულებრივი რიცხვია. საერთოდ, ნებისმიერი საგნისა და მოვლენისათვის მისტიური მნიშვნელობის მინიჭება და შიშის გამომწვევ ობიექტად ქცევა მათ კერპად გადაქცევას იწვევს. ასეთი საგნებისა და მოვლენების უკან ბოროტი სული დგება (არა თავისთავად, არამედ იმათთვის, რომელთაც მათ მიმართ ამგვარი განცდა აქვთ). ამიტომ მათი და მათ შორის რიცხვი „13“-ის მოშიში, ნებით თუ უნებლიეთ „13“-ის გამკერპებელი, ანუ ეშმაკის მოშიში და თაყვანისმცემელი ხდება. ქრისტიანი, რომელიც ღვთის მონა და მეგობარია, არავის ემონება და ყოველგვარი ცრურწმენებისა და პირობითობებისაგან თავისუფალია.

სხვადასხვა ნიშნების რწმენა

წმიდა ბასილი დიდი ბრძანებს: „ბევრ ქრისტიანს „ნიშნების“ განმარტება ზიანის მომტან საქმედ არ მიაჩნია. თუკი ვინმე საუბრისას დააცემინებს, იტყვიან: ამასაც მნიშვნელობა აქვსო. თუკი ვიღაც ზურგიდან სახელით მოგიხმობს, გადასასვლელში თუ ფეხი დაგისრიალდა, ანდა ტანსაცმელით რაიმეს წამოედები - ეს ყოველივე თითქოს იმის „ნიშანია“, რომ საქმე, რომლის გაკეთებსაც აპირებდი, არ უნდა გააკეთო. ზოგჯერ მორწმუნე ადამიანებიც კი ასეთ ცრურწმენებს მისდევენ და ამ დამღუპველ ვნებაში იძირებიან. მაგრამ იცოდე: უარყოფილია ღვთისაგან ამ უსჯულოების მიმდევარი ერი.

როგორ შეიძლება ვირწმუნოთ უგუნურ ფრინველთაგან მომავლის უწყება?! მით უფრო, როცა ვიცით, რომ ფრინველი ვერ ხედავს მის წინ დაგებულ საფრთხეს, რომელიც მას აშკარად მოელის, - ნუთუ შეუძლია მას შენთვის მომავლის უწყება?! ხშირად, სარჩოს საძიებლად ბუდიდან აფრენილი, უკან ცარიელი ბრუნდება; შენთვის კი მომვალის უტყუარი მაცნე შეიქნა და მისი ამაო მოძრაობები მომავლის მაუწყებლად გადაგექცა?!

წმიდა იოანე ოქროპირი ამბობს: „ვინც, სახლიდან გამოსული, კოჭლსა და მახინჯს შეხვდება და ამას „ნიშნად“ მიიჩნევს, იგი სატანურ საქმეს ჩადის, რადგან დღეს უბედურებად აქცევს არა ადამიანთან შეხვედრა, არამედ ცოდვილი ცხოვრება“.

"ბედნიერი" და "უბედური" დღეები

წმიდა იოანე ოქროპირი ამხელს ცრურწმენებს, რომელთა თანახმადაც ზოგიერთი დღე ბედნიერად მიაჩნიათ, ზოგი - უბედურად: „მოწყალების საქმის აღსაკვეთად და სულის სიკეთისკენ მისწრაფების ჩასახშობად ეშმა შთაგვაგონებს, წარმარტებებიცა და წარუმატებლობებიც „სასიკეთო“ ან „ცუდ“ დღეებს მივაწეროთ. თუკი ვინმეს სწამს, რომ დღე შეიძლება იყოს „ბედნიერი“ ან „უბედური“, მაშინ იგი „უბედურ“ დღეს არ ეცდება იზრუნოს სათნო საქმეებზე, რადგან იფიქრებს, რომ „უბედურ“ დღეს იგი ამაოდ იშრომებს და ვერაფერს გააწყობს. ხოლო „ბედნიერ“ დღეს იგი ასევე არაფერს მოიმოქმედებს, რადგან იმედოვნებს, რომ ასეთ დღეს მას ვერაფერს დააკლებს სიზარმაცე. ამრიგად, მისი ცხოვრებისათვის ორივე მდგომარეობა ხელისშემშლელია . ზოგჯერ უგუნურად, ზოგჯერ კი უიმედოდ განწყობილი, იგი მთელ ცხოვრებას უდებებასა და ბოროტებაში ატარებს.

ვეცადოთ, თავი ავარიდოთ ეშმას ცდუნებას, ნუ გამოვარჩევთ დღეებს, ნუ დავყოფთ მათ სასიკეთო და არასასიკეთოებად“.

ცრურწმენების კატეგორიას მიეკუთვნება აგრეთვე ე.წ. „ბედობის დღეები“ (ახალი წლის მეორე დღე, ბარბარობა), რომლებიც თითქოსდა საბედისწეროა მთელი წლისთვის.

რელიგიასთან დაკავშირებული  ცრურწმენები

არასწორია, თითქოს რაიმე მნიშვნელობა ქონდეს რამდენ სანთელს აანთებ (კენტს თუ ლუწს), როდის ჩააქრობ, იქ დატოვებ თუ სახლში წაიღებ, როგორ ჩააქრობ (სულის შებერვით, თუ ხელით); თითქოს რაიმე მნიშვნელობა ქონდეს ადგილს ეკლესიაში. ბევრი ადამიანი იმდენად ეჩვევა ეკლესიაში გარკვეულ ადგილას დგომას, რომ ვერ წარმოუდგენია სხვა ადგილას როგორ უნდა დადგეს; თითქოს მღვდელი, ან სხვა ტაძრის რომელიმე მსახური ცვლის ბედისწერას კარგი ან ცუდი მიმართულებით.

მიცვალებულთან დაკავშირებული ცრურწმენები

არსებობს ცრურწმენა, რომ „ორმოცამდე“ გარდაცვლილის არც ერთი ნივთის გაცემა არ შეიძლება: ეს არასწორია. პირიქით, რაც შეიძლება მეტი სიკეთე უნდა ჩაიდინოთ გარდაცვლილის სახელზე. უნდა შესწიროთ მონასტრებს, ეკლესიას - წითელი ღვინო (ზიარებისთვის), ფქვილი (სეფისკვერისთვის), ცვილი (სანთლისთვის); უნდა დაარიგოთ გარდაცვლილის ნივთები უპირველესად სწორედ ორმოცამდე და არა ორმოცის შემდეგ. როდის უნდა ვიშუამდგომლოთ განსასჯელისათვის - სასამართლომდე თუ სასამართლოს შემდეგ? ასეა აქაც: სული გადის საზვერეებს, ეწყობა სასამართლო და უნდა ვუქომაგოთ მას - ვილოცოთ და ვაკეთოთ მოწყალების საქმენი.

ცრურწმენებია აგრეთვე, მიცვალებულის ოჯახიდან გასვენების შემდეგ სკამების წაქცევა, კუბოს 3-ჯერ შემოტრიალება, მიცვალებულისთვის უამრავი ნივთის ჩაყოლება (ნივთები მას არაფერში აღარ სჭირდება, სჯობს ის მოწყალებაში გასცეთ). არასწორია ისიც, თითქოს ორმოცის მერე არ შეიძლება საფლავზე არაფრის დამატება.

არასწორი შეხედულებაა, თითქოს ქელეხის სიდიდეს და ხალხის გამოთრობის ხარისხს პირდაპირი კავშირი ქონდეს მიცვალებულის სამოთხეში მოხვედრასთან.

სხვა ცრურწმენები:

შავი კატის გადარბენას უბედურება მოაქვს, არ შეიძლება ოთხშაბათსა და პარასკევს თავის დაბანა და ფრჩხილების მოჭრა, ეშმაკის ხსენებაზე ხეზე სამჯერ უნდა დააკაკუნო, მარცხენა ფეხზე ადგომა უიღბლო დღეს მოასწავებს...

წმიდა ბასილი დიდი ამბობს: „მტერი ამგვარ ადამიანს (ცრუმორწმუნეს) დასცინის, ცრუმორწმუნე ხომ ყველაფერს შიშით შესცქერის: თუკი გამოჩნდა კატა, ძაღლი ან დილით შემოხვდა მარჯვენა თვალით ან ფერდით დაზიანებული, თუნდაც ყველაზე კეთილგანწყობილი ადამიანი, - ცრუმორწმუნე მას მყისვე ზურგს შეაქცევს და თვალს აარიდებს. რა არის ამგვარ ცხოვრებაზე მეტად უბედური - ყოველივეს ეჭვის თვალით შესცქეროდე და ყველაფერში წინააღმდეგობა დაინახო, მაშინ, როდესაც მორწმუნეს ღვთის ქმნილების ჭვრეტამ სული უფლამდე უნდა აღუმაღლოს?!“

ადამიანი უნდა ეცადოს, რომ გათავისუფლდეს ყველა ამგვარი არასწორი შეხედულებისა და ჩვეულებისაგან.