mcxeta

დღეს მცხეთის ჯვრის დღესასწაული აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით მცხეთის ჯვრის ეკლესიაში საზეიმო წირვა აღესრულება. მცხეთის ჯვრის ეკლესია ქართლის ერისთავმა გუარამ დიდმა მცხეთის ახლოს მდებარე მთაზე ააგო. ტაძრის ადგილზე იდგა ხის ჯვარი, რომელიც წმინდა ნინომ ორი საუკუნის წინ აღმართა. გუარამის მიერ აგებული მცირე ეკლესია უფროდაუფრო მეტ მლოცველს იზიდავდა, ამიტომ გუარამის ძემ, სტეფანოზ ერისთავმა გადაწყვიტა, მის გვერდით დიდი, ახალი არქიტექტურული სტილის ტაძარი აეგო, რომელიც ფეოდალური ხანის მოთხოვნილებებს უფრო შეეფერებოდა. ასე ჩაეყარა საფუძველი მცხეთის ჯვრის დიდ ეკლესიას. ტაძრის ხუროთმოძღვრის სახელი უცნობია და არც მისი აგების თარიღია მითითებული სადმე, მაგრამ რელიეფის წარწერაში მოხსენიებულ პირთა მიხედვით, აგრეთვე სხვა წერილობითი საბუთების შეჯერებით დგინდება, რომ ერისმთავარ სტეფანოზს ტაძარი 585-604 წლებში აუგია. ჯვარი ტეტრაქონის ოთხაფსიდიანი გუმბათოვანი ნაგებობაა. იგი პირველი ქართული ეკლესიაა, რომლის ფასადთა გაფორმებაშიც რელიეფურ ქანდაკებებს არსებითი ადგილი უკავია. 1989 წლის იანვრიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით ჯვრის მონასტერში ღვთისმსახურება აღდგა.