freska miriani nana

საქართველოს პირველი ქრისტიანი გვირგვინოსნები

ქართველთა განმანათლებელ წმიდა ნინოს წინამძღოლობით, წმიდა მოციქულთასწორმა მეფე მირიანმა და ნანა დედოფალმა საქართველოს ქრისტიანული სახელმწიფო დააარსეს (IV ს.) ისინი საქართველოს პირველი ქრისტიანი გვირგვინოსანი მეფე-დედოფალნი არიან. მათ პირველ ქარისტიანულ სახელმწიფოსთან, ბიზანტიასთან დაამყარეს ურთიერთობა და მოციქულთასწორ წმიდა იმპერატორ კონსტანტინესთან და წმიდა ელენე დედოფალთან ერთად, პირველად აღასრულეს ერთმორწმუნე ქვეყნების ერთობა. წმიდა კონსტანტინე დიდმა და ელენე დედოფალმა პირველად მოიხსენიეს მოციქულთასწორებად მეფე მირიანი და დედოფალი ნანა; მეფეს - ”ქრისტესმიერ ძმად” და ”ღვთივგანბრძნობილად” სახელდებს ბიზანტიის იმპერატორი, ხოლო ნანა დედოფალს - ”თვისსწორ დედოფლად” და ”სანატრელად” აღიარებს საუფლო ჯვარის აღმმართველი წმიდა ელენე დედოფალი.


”ჩვენში ქრისტიანობის გაბატონებით, სწორედ მეფე მირიანის დროს დაიწყო ჩვენი განვითარების, წეს-ჩვეულებების, ზნეობრიობისა და რაც მთავარია - ჩვენი იმედების ახალი პერიოდი” (კათოლიკოს-პატრიარქი წმიდა კირიონ II). წმიდა მირიანმა საქართველოს კულტურულ-ისტორიული ცნობიერება წარმართა.


ეკლესიის ისტორიაში იშვიათია მონარქი, რომელსაც თითქმის მთელი ერი ერთ დღეს, ერთი მოწოდებით წყალში ჩაეყენებინოს და გაენათლოს - წმიდა მირიანის მიერ აღსრულებული ეს ღვაწლი, ერთ-ერთი ყველაზე სახიერი და დიდი სასწაულია. გამორჩეულია აგრეთვე სულის ის სიწრფელე და სიმდაბლე, რომლითაც სპარსულ-ირანულ თუ კავკასიურ ტომებთან სასტიკ ბრძოლებში გამოვლილი მეფე მირიანი, წმიდა ნინოს კვალდაკვალ, უფალს შეუდგება და ეკლესიის ისტორიაში, ნანა დედოფალთან ერთად, მორჩილების ხატად წარმოდგება.


ღვთისმშობლის საკუთარი მოწაფის, წმიდა ნინოს მიერ მეფე-დედოფლის მოქცევა და სულიერ შვილად კურთხევა შედგება იქ, საიდანაც საქართველოს სულიერი ფერისცვალების საიდუმლო აღსრულდა - ”მაყვლოვანში”, იქ, სადაც წმიდა ნინომ დაივანა და სადაც ამჟამად სამთავროს დედათა მონასტერია.


მოციქულთასწორმა მეფე მირანმა ”მაყვლოვანის” სახელით ცნობილი დიდი საიდუმლო განიცადა და ღაღადჰყო წმიდა ნინოს წინაშე: ”მიყვარან მე მაყვალნი ესე შენნი და მუნ მნებავს გონებითა”. და წმიდა მირიანმა ნანა დედოფალთან ერთად იქ დაიდო საუკუნო განსასვენებელი და მიუთითა ადგილი, სადაც ერს თავი უნდა ეცნო.            


“და აღესრულა მირიან მეფე და დაეფლა ზემოსა ეკლესიასა, საშუალსა სვეტსა სამხრითსა ჩრდილოთ კერძო და მას სუეტსა შინა არს ნაწილი ღუთივაღმართებულისა მის სუეტისა და მეორესა წელსა მოკვდა ნანა დედოფალი და დაეფლა მასვე სვეტსა, დასავლით, სადა მირიან მეფე დამარხულ იყო” (“საქართველოს სამოთხე”).


პირველი ღმრთივგვირგვინოსანი მეფე მირიანის და ნანა დედოფლის ღვაწლი ქართულ, ბიზანტიურ და სხვა წყაროებში აღნუსხულია და განდიდებული. ერთი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის წინაშე გაწეული  დაუცხრომელი ღვაწლისათვის, წმიდა ეკლესიამ ისინი წმიდათა დასში შერაცხა და მოციქულთასწორად სახელდვა: 
საქართველოს ქრიტიანული სახელმწიფოს დამყარებისათვის;
საქართველოს სამოციქულო ეკლესიის დამტკიცებისათვის;
მართლმადიდებელი ერის ერთობისათვს (ბიზანტიასთან ურთიერთობა) გაწეული ღვაწლისათვის;
მოციქულთასწორ წმინდა ნინოს თაყვანისცემის დადებისათვის;
საქართველოში ჯვრის დღესასწაულის დაწესებისათვის;  
უდიდესი ქრისტიანული სიწმიდეების მოხვეჭისათვის;
საუფლო კვართის პირველშემოსვისათვის და პირველ ტაძართა შენებისათვის;
იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მიწის ნაკვეთის მოხვეჭისათვის;
წარმართული ცდომილების აღმოფხვრისათვის;
მართლმადიდებელი სარწმუნოების კავკასიაში გავრცელებისათვის;


ქართული სულიერ-კულტურული წეს-ჩვეულების, ცნობიერების ჩამოყალიბებისა და მისი ისტორიის წარმართვისათვის საქართველოს  წმიდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოციქულთასწორთ წმინდა მეფე მირიანს და ნანას მადლობით უგალობს და ადიდებს:


“მოციქულთასწორნო წმიდანო, მეფე მირიან და დედოფალო ნანა,

ევედრენით მოწყალესა ღმერთსა,

რათა ცოდვათა შენდობა მოგვანიჭოს

და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა” (ტროპარი).

 


“იხარებს მეფობაჲ ქართლისა დღესასწაულსა შენსა, ნეტარო მირიან,

რამეთუ საცთური ბნელისა მოიძულე და განასპეტაკე ნათლითა ღვთაებისათა;

ვინაცა შემდეგ ჭეშმარიტებისასა, ნინოს ნიშთა მიერ მის მიერითა იმოძღვრე

და ერი შენი მიჰგვარე ქრისტესა, რომელსა ევედრე ჩვენ ყოველთათვის.” (კონდაკი).