სულიწმიდის გარდამოსვლის დღე-სასწაული
სულთმოფენობა - სულიწმიდის გარდამოსვლის დღე-სასწაული                
ახალი აღთქმის ეკლესიის დაფუძნების დღე
ქრისტეს ამაღლების შემდეგ მოციქულები იერუსალიმში დაბრუნდნენ, მაგრამ მათი სულები, მოძღვართან განშორების გამო მოსალოდნელი მწუხარების ნაცვლად, სიხარულს აევსო - სიხარულს უფლის სიტყვებით მოგვრილს - აკი უფალმა სულიწმიდის მოვლინება აღუთქვა მათ, რაც ღმერთთან მოწაფეების მარადიულ მყოფობას ნიშნავდა. ჰოდა, იერუსალიმში დაბრუნებული მოციქულებიც რწმენით აღსავსენი ელოდნენ დაპირებული ნუგეშინისმცემლის მოვლინებას - ერთად იყვნეს "ყოველნი განკრძალულ ლოცვასა და ვედრებასა ერთბამად დედებითურთ და მარიამ დედით იესუისით და ძმებითურთ მისით"(საქმე,1,14).

ამაღლებიდან მეათე (აღდგომიდან - ორმოცდამეათე) დღეს, დილის 9 საათზე "იყო მეყსეულად ზეცით ოხვრაი, ვითარცა მოწევნაი ქარისა სასტიკისაი, და აღავსო ყოველი იგი სახლი, სადა იგი იყვნეს მსხდომარე"(საქმე,2,2). ზეციდან გარდამოვიდა სულიწმიდა და მოწაფეებს ცეცხლის ენების სახით დაადგა თავზე. და მოციქულებმა, რომლებიც მანამდე ებრაელების შიშით კარჩაკეტილ და დარაბებდაგმანულ სახლში იკეტებოდნენ და ებრაელებთან შეხვედრას ერიდებოდნენ, საოცარი ძალით დაიწყეს ქადაგება სხვადასხვა ენაზე. ატეხილი ხმაურის გამო უამრავი ადამიანი შეიკრიბა სახლთან, სადაც ქრისტეს მოწაფენი ცხოვრობდნენ: "პართნი, უჟიუკნი, ელამიტელნი, მკვიდრნი შუამდინარისანნი, პონტოისანი, კაპადუკიისანი, ფრიგვიისანი, ეგვიპტისანი, ასიაისანი, კვირინით კერძო, რომაელნი, ჰურიანი, კრიტელნი და არაბიელნი" - უამრავი ადამიანი მთელი მსოფლიოდან იმყოფებოდა იმ დღეს იერუსალიმში, რათა აღენიშნა დღე რჯულის მიღებისა - ეგვიპტიდან გამოსვლის მეორმოცე დღეს მოსემ ებრაელები სინას მთასთან მიიყვანა, ხოლო ორმოცდამეათე დღეს ძველი აღთქმის ღვთაებრივი რჯული მისცა. ებრაელებისთვის ეს დღე უდიდესი ყოველწლიური დღესასწაული იყო, რომლის დროსაც თითქმის ყველა ებრაელი იკრიბებოდა იერუსალიმში მთელი მსოფლიოდან. უსმენდნენ მოციქულებს და უკვირდათ, რადგან ყველას საკუთარ ენაზე ესმოდა ხარება ღვთაებრივი განკაცებისა და ხსნის შესახებ.

ზოგმა ისიც თქვა მოციქულებზე, მთვრალები იქნებიანო. მაშინ ამხილა ისინი პეტრე მოციქულმა და დაიწყო ქადაგება. და ადამიანებმა იწამეს - უკვე პირველ დღეს მარტო წმ. პეტრე მოციქულის პირველივე ქადაგებამ 3000 ადამიანი მოაქცია, "და იყვნეს განკრძალულ მოძღურებასა მას მოციქულთასა და ზიარებასა, და განტეხასა პურისასა და ლოცვასა. და იყო ყოველსა ზედა სულსა შიში, და მრავალი ნიშები და სასწაულები მოციქულთა მიერ იქმნებოდა... აქებდეს ღმერთსა, და აქუნდა მადლი ყოვლისა მიმართ ერისა. ხოლო უფალი შესძინებდა ცხოვნებულთა დღითი - დღედ ეკლესიასა"(საქმე, 2, 42-43, 47).

ეს იყო განსაკუთრებული დღე, რადგან სწორედ ამ დღეს - ძველი აღთქმის სჯულის მოცემის დღეს - გარდამოვიდა სულიწმიდა, რაც ძველი სჯულის ახლით შეცვლის ნიშანი იყო. რადგან სწორედ ამ დღეს დაარსდა ქრისტეს ეკლესია, რომელიც ზეციურ სამეფოს წარმოადგენს დედამიწაზე. რადგან სწორედ ამ დღეს საბოლოოდ განმტკიცდა კავშირი, ბაბილონის გოდოლის შენების დროს რომ დაიკარგა - კავშირი ადამიანსა და ღმერთს, ადამიანსა და ადამიანს შორის… რადგან ეკლესიაში გაერთიანებულია ხილული და უხილავი სამყარო; რადგან ეკლესია თავად ქრისტეს სხეულია, მორწმუნე ადამიანი კი ქრისტეს სხეულის ნაწილი! ამ დღის შემდეგ თითოეული ქრისტიანის მოღვაწეობის მთავარ მიზნად სწორედ სულიწმიდის მადლის მოხვეჭა იქცა, რადგან ეკლესიის წიაღში მყოფი და ღვთიური მადლით გარდაქმნილი ადამიანის სულიერი სამყარო გაცილებით უფრო აღმატებულია, ვიდრე პირველქმნილი ადამიანებისა, მიწიერ სამოთხეში რომ ცხოვრობდნენ.

აღსრულდა სიტყვები უფლისა, მოციქულებს ელეონის მთაზე რომ უთხრა ამაღლების წინ: "მოიღოთ ძალა მოსლვისა სულისა წმიდისასა თქუენ ზედა, და იყვნეთ ჩემდა მოწამე ვიდრე დასასრულამდე ქუეყანისა" (საქმე, 1, 8).

სულთმოფენობის დღესასწაულზე ეკლესიები მწვანით იმოსება, რაც ადამიანის სულიერი განახლების მიმანიშნებელია (ტაძრის მწვანით შემოსვის ტრადიციაც ძველი აღთქმიდან მოდის). ტაძრებს რთავენ ყვავილებით, ფოთლებით, აყვავებული ტოტებით, ძირს ეფინება, რაც შეიძლება, მეტი ბალახი. მორწმუნეები წირვაზე ყვავილების ლამაზ თაიგულებში ჩამაგრებული ანთებული სანთლებით მოდიან. ეს ყველაფერი საოცარ სანახაობას წარმოადგენს. სულიწმიდის მადლი ამ სიმწვანეზეც გადმოდის, რის გამოც მორწმუნეები ამ ბალახებსა და ყვავილებს - საკუთარ თაიგულებს თუ ტაძარში დაფენილს, მთელი წელი ინახავენ და ხმარობენ - მათ ნახარშს სასწაულმოქმედი ძალა აქვს, რაში დარწმუნებაც თითოეულ ჩვენგანს შეუძლია. სულთმოფენობის დღეს ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა ტარდება, წირვის შემდეგ კი იკითხება სულიწმიდის მოწვევის ლოცვა "მეუფეო ზეცათაო" და მუხლმოდრეკის ლოცვები, რომლის დროსაც აღდგომის დღესასწაულის შემდეგ პირველად მოვიყრით მუხლს.