“ლაზარე” ებრაული სახელია და ქართულად “ღვთის წყალობას” ნიშნავს. ლაზარე ბეთანიაში დაიბადა, იერუსალიმის მახლობლად. იგი მართასა და მარიამის ძმა იყო. უფალ იესო ქრისტეს ძლიერ უყვარდა მართალი ლაზარე და მას თავის მეგობარს უწოდებდა.

“ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება წინ უსწრებს მაცხოვრის აღდგომას. ლაზარეს აღდგინების შესახებ მოთხრობილია იოანეს სახარების მე-12 თავში. სადაც უფალმა ასევე დაადასტურა იმის შესახებ, რომ ის არის ჭეშმარიტად სიკვდილის მძლეველი, აღთქმული მესია ისრაელისა.

უფალს მართალი ლაზარეს აღდგინებით სურდა, მკვდრეთით აღდგომის სასწაული ეჩვენებინა, თავისი მკვდრეთით აღდგომისთვის შეემზადებინა მოციქულები.

როდესაც ლაზარე ავად გახდა, მარიამსა და მართას მაცხოვრის სასწაულთმოქმედების იმედი ჰქონდათ, ამიტომ პატივისცემით გაუგზავნეს კაცი ქრისტეს და შეატყობინეს: უფალო, შენ ვინც გიყვარს, ავადაა. მათ იცოდნენ, რომ მაცხოვარი ინებებდა ლაზარეს განკურნებას.

ეს რომ უფალმა გაიგო, თქვა, სნეულება სასიკვდილო არ იყო. იესოს უყვარდა ლაზარე და მისი დები. თუმცა უფალი მათ არ გაჰყვა, რადგან სასწაული ჰქონდა ჩაფიქრებული. 2 დღე დარჩა იმ ადგილას, სადაც იმყოფებოდა. ეს უფლის დიდი სიყვარულით გახლდათ გამოწვეული.
უფლის სიყვარული ყველას მიმართ უსაზღვროა. ქრისტეს მიერ ადამიანებისადმი სიყვარულის უმაღლესი გამოვლინება ჯვარზე გაკვრაა. მაცხოვრის ჯვარცმა, ერთის მხრივ, უდიდესი წყალობა იყო ღვთისა, მეორეს მხრივ – უდიდესი განსაცდელი მისი მოწაფეებისათვის. ვერც ერთი ჩვენი პიროვნული განსაცდელი ამას ვერ შეედრება, რაც შემდგომ უბრწყინვალესი აღდგომის სიხარულით შეიცვალა მოციქულთათვის და ყოველთა მართლმორწმუნეთათვის.უფალი ჯვარს ურწმუნოებისა და შურის გამო აცვეს. იუდეველებს ჩაფიქრებული ჰქონდათ იესოს მოკვლა.

- იუდეაში წავიდეთ, – უთხრა უფალმა მოწაფეებს. მოწაფეებმა უპასუხეს: იუდეველები შენს ჩაქოლვას აპირებენ და შენ ისევ იქ მიდიხარო? რაზეც უფალმა მიუგო: მე როცა თქვენთან ერთად ვარ, ნურაფრის ნუ გეშინიათო.

უფალი ღვთაებრივი ნათელია. ჩვენც, მორწმუნენი, ნათლობის საიდუმლოს მიმღებელნი და მისდამი რწმენით მცხოვრებნი უფალთან ვართ. ღმერთთან ყოფნას მაშინ ვგრძნობთ, როცა ჩვენ მასთან ვართ და ის ჩვენშია.

როდესაც უფალთან კაცი გამოაგზავნეს, ლაზარე ავად იყო. ცნობილია, რომ ლაზარე გარდაიცვალა. უფალმა ეს იცოდა. იესო სიკვდილს დაძინებას ეძახის არა იმიტომ, რომ მას ძინავს, არამედ იმისთვის, რომ ადამიანის სიკვდილი მისთვის მიძინებაა, მის წინაშე ყველა ცოცხალია. ჩვენთვის მძინარე ადამიანის გაღვიძება იოლია, უფლისთვის კი არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს გარდაცვლილის აღდგინება.
როდესაც იესო ბეთანიაში მივიდა, ლაზარე 4 დღის დამარხული გახლდათ. მართალი ლაზარე კლდეში ესვენა, სადაც გამოქვაბული იყო და ლოდი ჰქონდა მიფარებული.

ლაზარეს ოჯახი დიდი პატივისცემით სარგებლობდა. იქ მრავალი იუდეველი იყო ნუგეშის საცემად მისული. გლოვა 7 დღე გაგრძელდა. უფალი მხოლოდ 4 დღის შემდეგ ჩავიდა. ბეთანიაში მართა იესოს შეეგება. მარიამი კი სახლში იმყოფებოდა. მართამ უთხრა მაცხოვარს: შენ რომ აქ ყოფილიყავი, ლაზარე არ მოკვდებოდაო. მართამ იცოდა, უფალს ძალუძდა მისი ძმის მკვდრეთით აღდგენა. მას სურდა, რომ იესოს მისი ძმა აღედგინა. მაგრამ ამის შესახებ პირდაპირ ვერაფერი თქვა და ასე მიმართა იესოს: მე მჯერა, რასაც სთხოვ ღმერთს, მოგცემს იგი. უფალმა კი უპასუხა, რომ თავად ის იყო ყოველთათვის სიცოხლე: “მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ვინც მე მიწამებს, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს. ყველა, ვინც ცოცხალია და ჩემი მორწმუნეა, არ მოკვდება უკუნისამდე”.