ქრისტე აღსდგა !    

   გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს

აღდგომას წინ ყველაზე დიდი და მძიმე მარხვა უსწრებს. დღესასწაულის შესახვედრად მორწმუნეები სულიერად ემზადებიან. განსაკუთრებული მნიშვნელობა ბოლო კვირას ენიჭება. აღდგომამდე ერთი კვირით ადრე ბზობა – ანუ ქრისტეს იერუსალიმში დიდებით შებრძანება იზეიმება. ორშაბათიდან კი ვნების კვირეული იღებს სათავეს. 

ვნების კვირეულში თითოეული დღე გარკვეული მნიშვნელობის მატარებელია. განსაკუთრებით გამოყოფენ ხუთშაბათს – საიდუმლო სერობის დღეს, როდესაც მაცხოვარი ზიარების საიდუმლოს აწესებს და წითელ პარასკევს – ქრისტეს ჯვარცმის დღეს. ეს ყველაზე მძიმე დღეა თითოეული ქრისტიანისათვის. პარასკეობით წითლად ღებავენ კვერცხებს, რაც მაცხოვრის მიერ ჩვენთვის დაღვრილი სისხლის სიმბოლოა. 
ვნების კვირეულის მძიმე დღეების დაგვირგვინებად კვირა – მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული იქცევა. დღე, რომელიც ნებისმიერი მორწმუნესათვის უდიდესი სიხარულის მომტანია.

მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომა

აღდგომა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ დღეს ქრისტე მკვდრეთით აღსდგა და ადამიანები პირველქმნილი ცოდვისგან დაიხსნა. მხოლოდ ამის შემდეგ გაიღო ადამიანთათვის სამოთხის ბჭე. ადამის მოდგმის მხსნელად მოვლენილმა მაცხოვარმა გოლგოთას მთაზე ჯვართან ერთად კაცობრიობის ცოდვა ზიდა. ოთხივე სახარების თანახმად, ღმრთისმშობლისგან უბიწოდ შობილი ქრისტეს ჯვარცმა პარასკევს, ებრაელთა პასექის დღესასწაულზე აღესრულა. ეს უდიდესი მწუხარების დღეა ნებისმიერი მორწმუნესათვის. თუმცა მესამე დღეს – კვირას მწუხარებას სიხარული ენაცვლება და ქრისტიანები მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომას ზეიმობენ.

აღდგომა მოძრავი დღესასწაული

ქრისტიანთა უდიდესი დღესასწაული – მაცხოვრის აღდგომა გაზაფხულზე, ახალი სტილით 4 აპრილსა და 8 მაისს შორის აღინიშნება. ეს უდიდესი მნიშვნელობის დღეა. ოთხივე სახარების თანახმად, ებრაელთა პასექზე, პარასკევ დღეს ქრისტე იერუსალიმში, გოლგოთაზე ჯვარს აცვეს. სამი დღის შემდეგ კი მაცხოვარი მკვდრეთით აღსდგა.