უძღები შვილი

მეზვერისა და ფარისევლის კვირის შემდეგ მართლმადიდებლური ეკლესია უძღები შვილის კვირიაკეს აღნიშნავს. უძღები შვილის კვირა დღეს ტაძრებში სახარებიდან ის ადგილი იკითხება,

სადაც უფალი უძღები შვილის დაბრუნებაზე საუბრობს.ამ იგავით ეკლესია გვამზადებს დიდი მარხვისათვის და მოგვიწოდებს, განვეშოროთ ცოდვებს, როგორც უძღები შვილი და მივაშუროთ და ვევედროთ მას, ვისგანაც მან შენდობა მიიღო.

მამა გიორგი სანამაშვილი: “ვიცით, რომ სახარება ყოველთვის ალეგორიებით, იგავებით საუბრობს. ბუნებრივია, ოჯახის უფროსი, მამა აქ მოიაზრება, როგორც მამა ღმერთი. ორი ძე კი კაცობრიობის ორი ხაზია ზოგადად, რადგან უფლისთვის ყველა ადამიანი არის შვილი. შესაბამისად, ზოგი ღმერთამდე მიდის და ზოგი – ვერ მიდის. ზოგი მონანულია, ზოგი კი – უნანელი, არ ნანობს. ქრისტე სახარებაში ამბობს, რომ ცოდვილს კი არ ვსჯი, არამედ – უნანელსო. ყველა ადამიანი ცოდვილია და ცოდვისაგან გამოსვლის მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ პიროვნება უნდა ნანობდეს თავის ცოდვას, რათა ყველაფერი მიეტევოს მას.

უძღები შვილის იგავი მოგვითხრობს სწორედ იმ ჭეშმარიტების შესახებ, რა ჭეშმარიტებასაც ატარებს თავად ღმერთი, როგორც შემოქმედი კაცობრიობისა და სრულიად სამყაროსი. როდესაც უმრწემესი ძე მივა მამასთან და სთხოვს, გაუყოს მას სამკვიდრებელი და განუტევოს იგი, მშობელი ასეც მოიქცევა. როდესაც ვაჟი თავის წილს აიღებს სამკვიდრებლიდან, ის მოინდომებს ამ წუთისოფლისეულ ნეტარებაში განცხრომით ცხოვრებას, გაფლანგავს ქონებას მეძავებთან, მემრუშეებთან, მოთამაშეებთან, მემთვრალეებთან და ყოველივე ამის შემდეგ, როდესაც მას შემოეძარცვება ყოველივე, დადგება ღორის მწყემსად, სოფლის ერთ-ერთ მკვიდრს მიეკედლება, რადგან სხვა გამოსავალი არ აქვს. თან გულში ფიქრობს: რაღა სხვას ვემსახურები აქ. მოდი, მივალ მამასთან და კი არ ვეტყვი, რომ მისი ძის რანგში ამიყვანოს ისევ და ხარისხი მომანიჭოს, არამედ ვთხოვ, როგორც ერთი მუშათაგანი, ისე მაქციოსო. და სწორედ ამ განწყობით ბრუნდება მამასთან. მას სინდისი გაეღვიძა. სინდისის ხმა, ჩვენ ვიცით, რომ ეს არის საღვთო ხმა ადამიანში. სამწუხაროდ, ხშირად პიროვნება იმას ვერ აცნობიერებს, რომ სინდისს თვითონ იკლავს საკუთარ თავში. სინდისი ერთხელ გამხელს, ორჯერ, სამჯერ, მაგრამ შემდეგ აღარ გამხელს. ადამიანზე, რომელსაც სინდისი აღარ ამხელს, ამბობენ, რომ სინდისი – დამწვარი, შუბლის ძარღვი გაწყვეტილი აქვს, უსინდისოაო. სინდისმა აღძრა ძე, რომ მისულიყო მამასთან. სახარებაში მეტად მნიშვნელოვანი ფაქტია აღწერილი: როდესაც ძეს დაინახავს მშობელი დაბრუნებულს ოჯახში, მას არც აცლის მისი სამკვიდრებლის ეზოში შემოსვლას, არამედ შორიდან გამოეგებება მას და ჩაიკრავს გულში. წარმოიდგინეთ ორი მდგომარეობა: მონანული ძე მოდის, მაგრამ მამა თავად მიიჩქარის ძის შესახვედრად. ე.ი. ჩვენ თუ გადავდგამთ ერთ ნაბიჯს ღმერთთან, უფალი ორ ნაბიჯს გადმოდგამს ჩვენთან და ბუნებრივია, მაცხოვარი დაგვეხმარება. ძალიან მნიშვნელოვანია ის ადგილი სახარებაში, სადაც იესო ქრისტე ამბობს: ნამდვილი მწყემსი ის არის, რომელსაც 100 ცხვრიდან ერთიც რომ ჩაუვარდეს ორმოში, 99-ს დატოვებს და მხოლოდ იმ ერთის საძებნელად წავა და როგორც კი მას ამოიყვანს ორმოდან, უშველის და დააბრუნებს ფარაში, დიდი სიხარულით უხარია შემდეგშიო. ამ ცხვარში, რა თქმა უნდა, თითოეული ადამიანი მოიაზრება. მწყემსი თავად უფალია. მაცხოვარი სახარებაში ამბობს: მე ვარ მწყემსი კეთილი, რომელი შემომიდგეს მე, ვაქციო ერთ სამწყსოდ და ერთ მწყემსადო. ანუ ვიქნები ერთი მწყემსი და ისინი – ჩემი სამწყსოო.

როდესაც ძე ბრუნდება სახლში, მამა მსახურებს სთხოვს, უმზადონ მას სერი ანუ ვახშამი და ამბობს ასეთ სიტყვებს: მოიღეთ ბეჭედი და შეაცვით თითსა მისსა და მოიღეთ სამოსელი პირველი და შემოსეთ მას, რომ დაკარგული იყო და ვიპოვე, მკვდარი იყო და გაცოცხლდაო. ძალზე მნიშვნელოვანია სამოსელი პირველის გამოძახილი. სამოსელის შესახებ სწავლება სხვაგანაც გვხვდება. როდესაც ღადარინელთა ქვეყანაში მაცხოვარი განკურნავს ეშმაკეულს, იქ თავის მოწაფეებს ეუბნება: მოიღეთ პირველი სამოსელი და შეაცვით მასო. ბუნებრივია, რომ პირველი შესამოსელი, ანუ ახალი, უხმარი შესამოსელი მოციქულებს არანაირად არ ექნებოდათ, ვინაიდან მაცხოვარი სამქადაგებლო მოღვაწეობას ეწეოდა, მოციქულებიც, შესაბამისად, მასთან ერთად მოგზაურობდნენ. მაცხოვარი მოწაფეებს მოუწოდებს: როცა მიხვიდეთ საქადაგებლად, ნუ წაიღებთ ნუცა ოქროსა, ნუცა ვაშკარანსა, ნუცა სამოსელსა მეორესა, არამედ რაც გმოსავთ, იმით იმსახურეთ და იქადაგეთ და მუშა ღირსია თავის სასყიდლისაო. აქ ეუბნება, რომ სამოსელი პირველი მოუტანონ მას.

გავიხსენოთ კიდევ ასეთი პარალელი: როდესაც ადამი და ევა სამოთხიდან გამოიდევნებიან, დაკარგავენ იმ პირველ მდგომარეობას, მათ შემოეძარცვებათ სამოსელი პირველი. ღმერთი მათ აცვამს საქონლის ტყავს და ასე უშვებს სასუფევლიდან. ე. ი. რა უნდა მოვიაზროთ აქ? რა არის სამოსელი პირველი? ეს არის ის უცოდველი და პირველადი მდგომარეობა, რა პირველად მდგომარეობაშიც იმყოფებოდა ადამიანი ცოდვით დაცემამდე. როდესაც უძღები შვილი მამასთან ბრუნდება, მშობელი მას რაიმე მდაბიურ ადგილს კი არ მიუჩენს მიუხედავად იმისა, რომ, ბუნებრივია, განაწყენებულია, რადგან ძემ მისი სამკვიდრებელი ბოლომდე დახარჯა და მას უკვე წილი აღარ აქვს, არამედ კვლავ თავის წიაღში ძეობილობას ანიჭებს. მამის გულმოწყალება და სიყვარული დიდია ძის მიმართ და აი, რა თქმა უნდა, ასე გაუმასპინძლდება და კვლავ ძეობილობის ხარისხში აიყვანს თავის უმრწემეს ძეს.

სახარებიდან ისიც ვიცით, რომ მეორე, უფროსი ძე, რომელიც ამ დროს ყანაში მუშაობდა, გაიგებს ამ მდგომარეობას, რაც ოჯახში ხდება და იკითხავს, რა ამბავიაო. შენი ძმა დაბრუნდაო, უპასუხებენ. რომ შევა და ნახავს, მამას უსაყვედურებს. გულისტკივილით ეტყვის: მამაო, დღენიადაგ შენთან ვიყავი და შენ ჩემთვის არ დაგიკლავს ზვარაკი ჭამებული. არც ასეთი სერი მოგიმზადებია არასდროს და ამან, რომელმაც მთელი თავისი ქონება გაფლაგა მრუშობაში, მემთვრალეობასა და სხვადასხვა სიყალბესა და ამ წუთისოფლისეულ სიამტკბილობაში, მას ასეთ დახვედრას უწყობო. მამა კი მიუგებს: შვილო, შენ დღენიადაგ ჩემთანა იყავ და ამის საჭიროება არ არსებობდა, მაგრამ ეს იყო მკვდარი და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და ვიპოვეთო. წმიდა მამები ორი ძმის პარალელს მოიაზრებენ, როგორც ძველი და ახალი აღთქმის ეკლესიას. ფაქტია, რომ აქ არის კაცობრიობის ორი კატეგორია: რომლებიც ღმერთთან არიან დღენიადაგ და შრომობენ და რომლებიც ღმერთს გაემიჯნებიან რაღაც პერიოდში და ბოლოს უკან ბრუნდებიან. რა თქმა უნდა, სასყიდელი ორივეს იგივე აქვს. მართალია, უფალს დაკარგულის დაბრუნება უფრო მეტად უხარია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამან დრტვინვა და გულსწყრომა უნდა გამოიწვიოს იმ ადამიანისა, რომელიც უკვე ღმერთთანაა და ეკლესიის წიაღში. უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანი, რომელიც ემბაზის შვილად იწოდება, ანუ მონათლულია ყრმობის ასაკიდანვე, მას უკვე მოეთხოვება პასუხი საეკლესიო ცხოვრებაზე, ანუ როდესაც პიროვნება ნათლისღებისა და მირონცხების საიდუმლოში იღებს მონაწილეობას, შესაბამისად, იგი სხვა დანარჩენ საიდუმლოებებსაც უნდა აღასრულებდეს. პირობითად, ახალი აღთქმის ეკლესიაში არსებობს 7 საიდუმლო. შესაბამისად, ნათლისღების შემდეგ თითოეულ საიდუმლოს უნდა აღვასრულებდეთ: აღსარების საიდუმლოა, ზიარების, ჯვრისწერის… რა თქმა უნდა, ყველას მღვდლობის საიდულო არ მოეთხოვება, მაგრამ დანარჩენ საიდუმლოებებში კი უნდა იღებდეს ადამიანი მონაწილეობას. ამას იმიტომ ვამბობ, რომ არავის ეპატიება არაეკლესიური ცხოვრება, ეკლესიის ხარჯზე რაღაცის კეთება. ლოცვა და შრომა ერთად შეზავებული ნაყოფის გამომღებია. მხოლოდ შრომა არაფრის მომცემია, თუ მას არ ახლავს ლოცვა და არც ლოცვაა რამის მომცემი, თუ შრომა არ ახლავს, თუნდაც საკუთარ თავთან.”